„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.
“საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს. პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აკეთებს ყველაფერს, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.
„სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდა. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით და გადაადგილების მიმართულებით. ეს ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა სწორედ ამ ოკუპაციის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურ იზოლაციას ახდენს, ეს გამოხატულია, თუნდაც გადასასვლელების დახურვით საოკუპაციო ხაზზე თუ სხვა შეზღუდვებით, რომელიც უწესდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი რათა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღონ ახალი შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ ნდობას და გააჩენს შესაძლებლობებს მათი შერიგებისთვის და ახალი ნაბიჯებისთვის” – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.