მიხეილ ჯანელიძე - როდესაც ჩამოდიხარ ბათუმში, ხვდები, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აჭარის რეგიონს ეწვია, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა. ასევე, ყურადღება გაამახვილა გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე.
„ნატო-სთან ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს შედეგი მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ გეგმაზომიერი, კარგად გააზრებული და გონივრული ნაბიჯებით, რითიც ვაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და საბოლოო მიზნისაკენ სწრაფვას, რომელიც უკავშირდება ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესი არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას.
„როდესაც ჩამოდიხარ ბათუმში, ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ძალიან სწრაფად და სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ძალიან კარგი მომავალი აქვს. დღეს ჩვენ აჭარაში ვხედავთ სწორი განვითარების პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელი, რადგანაც მას უკავშირდება ძალიან ბევრი რეფორმა და ღონისძიება და ეს ღონისძიებები გარდაქმნის ჩვენს ქვეყანას ძლიერ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ისაუბრა ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ და დაგეგმილ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ ეს შეხვედრები ემსახურება ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მან თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.
„საქართველოს მთავრობა მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთით, ჩვენი მოსახლობის არჩევანია დასავლური, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ყველანი ვემსახურებით ამ დაკვეთას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხალვაშმა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ.
წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.