მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით მყისიერ რეაგირებას ახდენს.
„ევროკავშირს მონიტორინგის მისია ამ მიმართულებით მონიტორინგის ფუნქციას ასრულებს. ცხელი ხაზის მეშვეობით, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ ფაქტებზე და მიუღებელია, რაც ხდება. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს აღნიშნული ფაქტები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, რომ ყველა დამნაშავემ ამ პროცესში პასუხი აგოს. ყველა საერთაშორისო ბერკეტს მივმართავთ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის აშშ-ში მიემგზავრება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრებს.
„ადამიანების გატაცების ფაქტები განიხილება ადგილზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ჟენევის საერთაშირისო დისკუსიებში და არამხოლოდ. ასევე, საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის გაერო-ში. მე მივემგზავრები ნიუ იორკში, სადაც მექნება გამოსვლა მაღალი დონის სეგმენტზე, გვექნება პარალელური ღონისძიება, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ დარღვევაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე და იმ აგრესიაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.