მიხეილ ჯანელიძე - ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდეს
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ახალქალაქის კულტურის სახლში განაცხადა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად იმყოფებოდა.
„სომხეთის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ჩვენ აქ ყველა დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით სომხეთში განვითარებულ პროცესებს. ეს იყო მნიშვნელოვანი პროცესი და სომეხმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიის გასაოცარი მაგალითი. ფაშინიანის ლიდერობით, დემოკრატიამ იზეიმა სომხეთში. მინდა, მივულოცო ეს გამარჯვება პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს.
„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დავიწყეთ ახალი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოვაყალიბეთ მეგობრული ურთიერთობები და სამაგალითო მეზობლობა. მიუხედავად მიღწეულისა, ჩვენ გუშინ სიღრმისეულად განვიხილეთ მომავალი ურთიერთობები. ბატონი ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდეს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო და სომხეთი ერთად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც ქმნის კონკრეტულ შედეგებს და შესაძლებლობებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ერთად, რათა კიდევ ერთხელ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მივიდეს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის მოქალაქეებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობებისთვის. საქართველოში 118 სომხურენოვანი სკოლა, გარდა ამისა, წარმატებულად ხორციელდება პროგრამა 1+4, რომლის საფუძველზეც, მშობლიური ენაზე უნარების ჩაბარების შემდეგ, ყოველწლიურად 100 ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდას უფინანსდება ერთწლიანი მომზადების კურსი, შემდეგ სასურველ ფაკულტეტზე ოთხწლიანი სწავლება. ორი მეზობელი ქვეყანა ვვითარდებით ერთმანეთის გვერდით დგომით. შესაბამისად, ამ სიყვარულზე და ურთიერთობაზე დაფუძნებით, მინდა, ვუსურვო ჩვენს ორ ქვეყანას მშვიდობა და განვითარება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.