მიხეილ ჯანელიძე - ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ატარებს
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ატარებს, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში.
ჯანელიძის თქმით, ევროპული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ასეთი მტკიცე და ხმამაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველო დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
„ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენების მიღებისთვის პირველ რიგში ყველა ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
ეს მოხსენება ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, შემდეგ უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ პლენარულ სესიაზე პოლიტიკურმა ჯგუფებმა მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე და არა მხოლოდ სამიტამდე, არამედ ის სწორედ რომ მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ატარებს.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ წამყვანი ევროპული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან, განსაკუთრებით ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობებს არა მხოლოდ ასოცირების ჭრილში, არამედ იმის მიღმა უყურებენ.
სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან და საბოლოო მიზანთან ევროკავშირში წევრობასთან, მაქსიმალური დაახლოვება მოვახდინოთ. ევროპული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ასეთი მტკიცე და ხმამაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს აუცილებლად მივაღწევთ.
ველით, რომ ეს იდეები და ინიციატივები, რომელიც მოხსენებაში გაცხადებულია, როგორც კომისიის დონეზე ასევე ევროკავშირის საბჭოს დონეზე, პრაქტიკულადაც განხილული და ევროკავშირის მხრიდან მთლიანად მხარდაჭერილი იქნება”,- განაცხადა ჯანელიძემ
ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები . ამის შესახებ საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე გუშინ დაამტკიცეს.
დოკუმენტს მხარი 519 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 114 ევროპარლამენტარი წავიდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.