დღეს საქართველო ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს, ევროპულ გაერთიანებას, რომელმაც საერთო ღირებულებების, პრინციპების დაცვით საუკეთესო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით, ყველა დარგში უპრეცედენტო მშვიდობა და განვითარება უზრუნველყო ევროპის კონტინენტზე ბოლო 60 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ განაცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო პირველად აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს ამდენი მეგობარი ქვეყნის ლიდერთან ერთად.
„თქვენი ჩამობრძანებით ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ ახალ მომავალს ჩაუყარეთ საფუძველი, არამედ რეალობად აქციით ჩვენი მოქალაქეების ისტორიული ოცნება. ჩვენი ქვეყნის დევიზია „ძალა ერთობაშია“. დღეს ჩვენ ვგრძნობთ თქვენთან ერთობას, რაც გვაძლიერებს. ნება მიბოძეთ გაზეთ “ევროპის მოამბეში” გამოქვეყნებული ღია წერილიდან ამონარიდი წაგიკითხოთ: საქართველო უკანასკნელი 100 წლის მონობის საუკუნეშიც ევროპის სამეგობრო ხელს ევროპულ ორიენტაციას და ევროპასთან კავშირს ეძებდა. დღეს მისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიური აღორძინებისათვის ერთადერთი გზაა დარჩენილი, ეს არის გზა ევროპისკენ. ეს ღია წერილი 1918 წელს დაიბეჭდა. ამ სიტყვების ავტორებს იმის წარმოდგენაც კი არ სურდათ, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეფერხდებოდა და მათი ოცნების რეალობად ასრულებას კიდევ ათწლეულები დასჭირდებოდა, თუმცა კატაკლიზმების, ავტორიტარული რეჟიმების და კონფრონტაციის საუკუნეში ეს პროცესები შეფერხდა. შეფერხდა რამდენიმე ათწლეულით და ახალი სიმძლავრით იფეთქა გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. დღეს საქართველო ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს, ევროპულ გაერთიანებას, რომელმაც საერთო ღირებულებებისა და პრინციპების დაცვით, საუკეთესო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით, ყველა დარგში, უპრეცედენტო მშვიდობა და განვითარება უზრუნველყო ევროპის კონტინენტზე ბოლო 60 წლის განმავლობაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის უპრეცედენტო ურთიერთობებით განპირობებული სარგებელი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
„ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების უსაფრთხოებისა და, რაღა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში ევროკავშირის დახმარება, ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კი, რომელშიც გვაქვს აშშ-ის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერა აძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებასა და მდგრადობას”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ყავს მსოფლიო სტანდარტების საუკეთესო შეიარაღებული ძალები, რომელიც ჩართულია დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის ტერორიზმის ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„აღნიშნული გამოწვევების გარდა, დღეს მსოფლიო მრავალი პრობლემების წინაშე დგას. 2008 წელს საქართველოს საზღვრები დაირღვა მეზობლის მხრიდან სამხედრო აგრესიით, რასაც ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო რეაქციის გამო, სამწუხაროდ, ჩვენ არ აღმოვჩნდით რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთადერთი წევრი. სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპზე დგას დღევანდელი მსოფლიო წესრიგი, მისი უგულებელყოფა კი ახალი კატაკლიზმების საწინდარი შეიძლება გახდეს. ამასთან, დღეს მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, როგორ გაუმკლავდეს საინფორმაციო რევოლუციას, როგორ მოარგოს პოლიტიკა ახალ ეკონომიკურ მოდელებს და უზრუნველყოს მზარდი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა დემოკრატიული განვითარების ინდუსტრიის ქვეყნებისთვის. ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობის სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. უარღესად მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. სწორედ ტრანსატლანტიკური ერთობის მთავარი ფუნდამენტი – ნატო არის ის მთავარი ძალა, რომელიც წინ უნდა აღუდგეს 21-ე საუკუნის საფრთხეებს, გამოწვევებს და არ უნდა დაუშვას ის, რაც წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან დემოკრატიის კრიზისის შედეგად განვითარდა”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯანელიძის განცხადებით, ისტორიამ აჩვენა, რომ მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლია დემოკრატიულ საზოგადოებას.
„ჩვენ არათუ სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ მმართველობაზე უნდა ვთქვათ უარი, არამედ უნდა მივაღწიოთ ე.წ. მრავალმხრივ დემოკრატიას. დემოკრატიის სიმტკიცის საფუძველია ძალაუფლების განაწილება ინსტიტუტების მდგრადობისა და ეფექტურობის მეშვეობით. საბოლოოდ სუვერენულმა დემოკრატიებმა უნდა შევქმნათ ასეთი ეფექტური გლობალური სისტემა. ეს ევოლუცია შესაძლებელია, თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ინფორმაციულ რევოლუციას, ჩვენი საერთო სურვილია, კვლავაც ვიხილოთ ევროპა თავისუფალი, მშვიდობიანი და განვითარებული სამყაროს მისაბაძი მაგალითი. სწორედ ასეთი ევროპის, ასეთი ერთობის სრულუფლებიანი წევრობაა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მიზანი, ხოლო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან თანასწორი, სუვერენული, მშვიდობაზე და თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩვენი მომავალი თაობების წარმატებების საწინდარია”, – განაცხადა ჯანელიძემ.