მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა მეტი სარგებელი მიიღონ ევროინტეგრაციის პროცესიდან
ჩვენი მიზანია, საქართველომ შეიმუშაოს კომპლექსური ხედვა, რომელიც ასახული იქნება საგზაო რუკაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება 2018 წლის გეგმებს.
„ევროინტეგრაციის გზაზე ეს წელი იყო განსაკუთრებული თავისი შედეგებით. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ 2018 წლის გეგმებზე. ჩვენი მიზანია, საქართველომ შეიმუშაოს კომპლექსური ხედვა, რომელიც ასახული იქნება საგზაო რუკაში. ეს უკვე იქნა გაცხადებული პრემიერ-მინისტრის მიერ. ასევე, ჩვენ ვისაუბრებთ ორმხრივ ინსტრუმენტებზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მეტი სარგებელი მიიღონ ევროინტეგრაციის პროცესიდან“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 5 თებერვალს გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას თავმჯდომარეობას გაუწევს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი.
ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური და ანგარიშით წარდგებიან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები.