მიხეილ ჯანელიძე - აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება
აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის როგორც ინსტიტუციურად, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომ ამერიკელი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს.
მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინეს.
„ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა, მათ შორის გასულ წელს დაწყებული თანამშრომლობით.
„ასევე ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეხეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილები, რომლებიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, აშშ-ი მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით.
დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.