მიხეილ ჯანელიძე - აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგანაც შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან.
მინისტრის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სიღრმისეულად განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. რეგიონში არსებული სიტუაცია, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.
მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრისას ასევე განიხილეს ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის.