საქართველოს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე მუნხენში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე დანიელ ბრულეტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარების პროცესში.
„როგორც შეხვედრაზე ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ აღნიშნა საქართველოს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკა აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველოს მთავრობამ გასწია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის ენერგოსექტორის რეფორმირების, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს ჩართულობისთვის. აშშ მიესალმა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში საქართველოს გაწევრიანებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსტანდარტების კიდევ უფრო განვითარებას.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის პროცესში. აშშ-მა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ენერგეტიკული ფუნქციის განვითარებისა და ეფექტური რეალიზაციისთვის.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის იმპლემენტაციის, მათ შორის განახლებადი ენერგოწყაროების განვითარების პროცესში. მხარეები მიესალმნენ ამერიკული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ და ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაში უმსხვილესი ამერიკული კონსორციუმის მონაწილეობის მნიშვნელობა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მიესალმა ორმხრივ მზაობას კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.