მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა ცნობილი მწერლების, მიშელ უელბეკისა და ერლენდ ლუს საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს
მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა ცნობილი მწერლების, მიშელ უელბეკისა და ერლენდ ლუს საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების – საფრანგეთისა და ნორვეგიის მწერლებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მედეა მეტრეველმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და NORLA-ს (ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ) მხარდაჭერით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის მწერლების შეხვედრა საქართველოში მაისსა და ივნისში გაიმართება. მწერლები ქართველ მკითხველთან გამართავენ შეხვედრებს და თბილისს, დავით გარეჯსა და ყაზბეგს მოინახულებენ.

სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და სპეციალურად ორივე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი ჩამოვა.

ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა. ერლენდ ლუ ნორვეგიაში ძალიან წარმატებული და აღიარებული მწერალია. მას და მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოშიც.

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოვა. მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალია. მისი უკლებლივ ყველა რომანი თარგმნილი და გამოცემულია ქართულ ენაზე.