მიხეილ გიორგაძე - სამინისტროების შერწყმის შემდეგ, ოპტიმიზაცია გარდაუვალია 
მიხეილ გიორგაძე - სამინისტროების შერწყმის შემდეგ, ოპტიმიზაცია გარდაუვალია 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, საშტატო განრიგის ცვლილება არა მხოლოდ სპორტის, არამედ კულტურის ​სამინისტროზეც აისახება.

როგორც მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს უკვე შეხვდა და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ესაუბრა.

„ვერ ვხდები, რით არის გამოწვეული ასეთი უარყოფითი მოლოდინი, ჩემს პირად განწყობაში და დამოკიდებულებაში სპორტთან ვის შეიძლება შეეპაროს ეჭვი, თუ ჩემს წარსულს გადავხედავთ დამეთანხმებით, ყველაზე თავმდაბლურად რომ ვთქვა, არ არის უცხო ჩემთვის ეს სფერო. არაერთი მეგობარი, როგორც ძველ, ისე ახალ თაობაში, მყავს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ეს წმინდა პირად დამოკიდებულებას რაც ეხება. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს იქნება ზუსტად ისეთივე თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისთვის მქონე მიმართულება, როგორიც ეს არის კულტურა და გაუგებარია, არგუმენტაცია, რის საფუძველზე შეიძლება ჰქონდეს ვინმეს ასეთი ნეგატიური მოლოდინი. გუშინ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი პირველი სამუშაო შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან სპორტის სამინისტროდან, უაღრესად კონსტრუქციულ და თბილ სამუშაო რეჟიმში ჩავატარეთ ეს შეხვედრა. ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხს ვერ ამოვწურავდით, თუმცა მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ, ვისაუბრეთ სწორედ იმ შესაძლო სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც არც პროცედურის თვალსაზრისით, არც შინაარსობრივად არავითარ შემთხვევაში ვინმეს არ დაუტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სპორტი მეორე ხარისხოვანია. ვფიქრობთ, ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ვგულისხმობ ორ სამინისტროს. ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლო მიზეზს, რის გამოც ძალიან ორგანული, ბუნებრივი შერწყმა და მოქმედება ერთი უწყების ფარგლებში რატომ არ უნდა შეიძლებოდეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, სამინისტროებში ადმინისტრაციულ ნაწილში ოპტიმიზაცია გარდაუვალია.

“მე სულაც არ ვგულისხმობ შტატის შემცირებაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს, ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი.140 თანამშრომელი გვყავს ჩვენ და 106, ან 116-სპორტის სამინისტროს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.