მიხეილ გიორგაძე - პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა ძალიან დროული იყო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას დროულს უწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად ჩამოსვენება მოხდეს.
„თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალზედ მტკივნეული საკითხია, სწორედ ამიტომ მთავრობა არ იშურებს ძალებს და იყენებს ყველანაირ არსებულ ბერკეტს იმის გათვალისწინებით, რაც საქართველოს დღეს გააჩნია. აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენება და არა მარტო ეს, არამედ იმ ორი ადამიანის გათავისუფლებისა და გადმოცემის საკითხიც.
პრემიერ-მინისტრის განცხადება საკითხის სიმძაფრისა და მნიშვნელობის ხაზგასასმელად ამ ფონზე, ვფიქრობ, ძალიან დროული იყო“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.