მიხეილ დაუშვილი - ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით
მიხეილ დაუშვილი - ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით

ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია.

„ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე კრიტიკული საუბარი არ მიყვარს, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ვიღაც-ვიღაცებს დღეს გაახსენდათ, რომ რეკომენდაცების შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ ეს თავის დროზე რომ გახსენებოდათ და ნაბიჯები გადაედგათ 12 პუნქტის შესრულებისთვის, ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა და გაცილებით წინ ვიქნებოდით. დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია“, – აღნიშნა დაუშვილმა.

კითხვაზე, ვიღაცებში იგულისხმებიან თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა: „გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი ვინმეა“.

„ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ, მაგათთან ერთად როგორ სხედხართო, უცებ აღმოჩნდა, რომ მორალს გვიკითხავენ, 12 პუნქტი როგორ უნდა შესრულდეს. მორალის კითხვას თავი დაანებონ და მართლა რეალური ნაბიჯები გადადგან, მათ შორის ბრიუსელში წაბრძანდნენ და ადამიანები დაარწმუნონ, რომ სტატუსი მოგვცენ და არა ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე არ შეიძლება და ა.შ. სწორი გზაა ის, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან „ქართული ოცნება“ მზად არის, ამ რეკომენდაციების შესრულება გადადოს და ამას აკეთებს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. გიორგი გახარია იყო ბრიუსელში, ვაშინგტონში, ხვდება ელჩებს. ამ შეხვედრების მიზანია, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიღაცის ინტერესი სტატუსის მიღებაა, ვიღაცის შეიძლება, არ იყოს, რადგან შეიძლება, ვიღაც ამ ყველაფერს – ეროვნული ინტერესებიდან, ვიღაც კი თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე უყურებდეს. მთავარია ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.