მიხეილ დაუშვილი - „შავი სიის“ შინაარსი ჩემთვის გაუგებარია, თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, უნდა მოხდეს რეაგირება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება
მიხეილ დაუშვილი - „შავი სიის“ შინაარსი ჩემთვის გაუგებარია, თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, უნდა მოხდეს რეაგირება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება

არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. შავის სიის შექმნას უკავშირდება.

ამასთან, დაუშვილის თქმით, პროტესტის რა ფორმას მიმართავს პატიმარი, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

„შიმშილობა პროტესტის ფორმაა, რომელიც არის ლეგიტიმური და ჯდება კანონში. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ბატონი სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. რა პროცესები მოჰყვება, ამას დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არც დეპოლარიზაციის კუთხით და არც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის კუთხით არ არის. მეტსაც გეტყვით, ორი ერთმანეთთან აცდენილი პროცესი მიდიოდა. ერთის მხრივ, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ე.წ. ეროვნული შერიგება მოხდეს და ამასთან, ვხედავდით პროტესტის უკიდურეს ფორმებს, რაც რეალურად პროცესს რომ შეხედო, შეუთავსებელი იყო. ეს არის მისი უფლება, პროტესტის რა ფორმას მიმართავს. რაც შეეხება ე.წ. შავ სიას, მე არ მესმის შავი სიის შინაარსი. მესმის ერთი რამ, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება. შავი სიის შინაარსი ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა დაუშვილმა.