მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნების“ საუკეთესო დეტექტივებსაც კი შეშურდებოდათ, სააკაშვილზე ისეთ კონსპირაციებს ავითარებენ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. როცა კითხვა ისმის, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა სადმე, ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. ისიც კი ვერ გავიგეთ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობა თუ შესაძლებელია საქართველოში, მაშინ გადაყვანის მოთხოვნა რა ლოგიკას ექვემდებარება, საკითხავია.
„სააკაშვილის რეალური დიაგნოზიც კი ვერ გავიგეთ „ქართული ოცნებისგან“. როდესაც საზოგადოებას დიაგნოზზე პასუხი არ გააჩნია, პასუხს ვერ გაგცემთ, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა საზღვარგარეთ. სააკაშვილს უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა და იმას, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს, ლოგიკურია და ვერ ვიტყვით, რომ არასწორია. „ქართული ოცნების“ შეშურდებოდათ საუკეთესო დეტექტივებსაც კი, ისეთ კონსპირაციებს ავითარებენ. ის, რომ უკრაინამ და ამერიკამ წინასწარ იცოდნენ, თებერვალში ომი დაიწყებოდა და სააკაშვილი რამდენიმე თვით ადრე გამოაგზავნეს საქართველოში, ეს ჩემთვის უკვე სასაცილოა. „ქართულ ოცნებას“ უნდა, ისეთი განცდა შექმნას, რომ მთელი მსოფლიო უპირისპირდება და ქვეყანას ომს მხოლოდ ისინი აცილებენ, რაც, საბოლოო ჯამში, სისულელეა. არცერთ მხარეს, როცა საქართველოსა და უკრაინაზეა საუბარი, არცერთ მაღალი თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ზიანი მიაყენოს ხალხებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, – განაცხადა დაუშვილმა.