მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ, მუშაობის საშუალება მისცენ სენაკის საკრებულოს და მზად ვიქნებით, ბათუმში მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს
მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ, სენაკის საკრებულოს მისცენ მუშაობის საშუალება და მზად ვიქნებით, ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სენაკის საკრებულოს ფუნქციონირებას ბლოკავს.
„ქართული ოცნება“ მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების მითვისებას განაგრძობს. ბათუმის საკრებულოს მუშაობა ჯერ დაწყებული არ არის, რადგან შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხდება. გახსოვთ, რა ხდება სენაკის საკრებულოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოგვიცხადა, რაც მათივე სიტყვებია. მმართველი გუნდი სენაკის საკრებულოს ფუნქციონირებას ბლოკავს. მეტიც, ამ მიზნებისთვის სასამართლოს მიმართეს. მერამდენე თვეა, სენაკის საკრებულოს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, რომელიც დამოკიდებულებაა – მოქალაქეების ნება ფეხებზე გვკიდია, მათ მარტივ რაღაცას ვთავაზობთ – სენაკის საკრებულოში პროცედურული ომი დაამთავრონ, საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცენ და ჩვენ მზად ვიქნებით, ბათუმის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ და ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი. მათ შორის, შუალედური არჩევნებით არჩეული მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს და პროცესი ასე დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.