მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, პატივი სცეს მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე
თვითმმართველობის არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე უშუალოდ არჩევნების დღე სისტემური დარღვევების პირობებში ჩატარდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, მოქალაქეების გადაწყვეტილებით პარტია „საქართველოს“ წარმომადგენლები არიან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოს წევრებად არჩეული.
„არაერთ საკრებულოში ჩვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში. „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურები. რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების საშუალებით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტებში სხვადასხვა მიმართულებით. როცა ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს ჩვენს პარტიას, ეს ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპიროვნულად „ქართული ოცნების“ საკრებულოების მიერ. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე. ამასთან, ცესკო-ს მოვუწოდებ, დაუყონებლივ მოიწვიოს, ახალარჩეული მუნიციპალიტეტების პირველი სხდომები, რათა მუშაობას შეუდგნენ, მათ შორის ბიუჯეტის განხილვასა და დამტკიცებას. პირველი სხდომის მოწვევის ვადაა 30 დღე, მაგრამ ახალ რეალობაში ვართ, როცა არაერთ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს შესაძლებელი იქნება მრავალპარტიულ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დაუშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაჩქარებული წესით მოასწროს ბიუჯეტის დამტკიცება, რათა ისე გააკეთოს, როგორც თავად უნდა და ამით აიგნორებს მოქალაქეების არჩევანს.
„ჩვენი ინფორმაციით, ბიუჯეტის დამტკიცება დაჩქარებული წესით დაწყებულია სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა დაუშვილმა.