საარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც პრეზიდენტთან თანამშრომლობას მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, პრეზიდენტთან ადრეც და ახლაც მიმდინარეობს საუბარი.
„პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. მას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა რომ აქვს, ამაში ახალი არაფერია და ეს არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, ასეთი ტიპის თანამშრომლობას მივესალმებოდი. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, მხოლოდ მივესალმებით, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის, საარჩევნოდ. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა თუ არა რაიმე ერთობის შექმნა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, – „გახარიას ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კომუნიკაცია?“ – დაუშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცი, ამაზე გიორგი გახარიას უნდა დაუსვათ კითხვა. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტთან წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ გვქონდეს თანამშრომლობა და, ზოგადად, პოლიტიკური მხარდაჭერა, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.