მიხეილ დაუშვილი - NDI-ს კვლევა დასახევი კი არ არის, მარტივი რეალობა უნდა გააცნობიერონ, „ნაცმოძრაობა“ წარსულია, ეს უნდა გაიგონ
NDI-ს კვლევა დასახევი კი არ არის, მარტივი რეალობა უნდა გააცნობიერონ, „ნაცმოძრაობა“ წარსულია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.
დაუშვილი მოუწოდებს გიორგი ვაშაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, თანმიმდევრული იყვნენ.
„საქართველოში არცერთი კვლევა არ გამოხატავს სრულად იმ შეხედულებებს, რაც მოსახლეობას აქვს, მაგრამ ვაშაძეს და „ნაცმოძრაობას“ რაღაც არ მოეწონათ და თქვეს, კვლევა დასახევი არისო. ეს ყველაფერი დასახევი კი არ არის, მარტივი რეალობა უნდა გააცნობიერონ – „ნაცმოძრაობა“ წარსულია, ეს უნდა გაიგონ. არ აწყობთ, გაიგონ, თორემ ამ ყველაფერს ხვდებიან. მათი განცხადებები ორმაგი კი არა, ათმაგი სტანდარტია. მოვუწოდებთ მათ, თანმიმდევრული იყვნენ – არ შეიძლება, დღეს რაღაცას აგინებდე და ხვალ აქებდე. ესენი როგორ იქცევიან? – როცა რაღაც აწყობთ, იმას ცაში აიყვანენ, როცა არ აწყობთ, იტყვიან – დასახევია. „ოცნება“ სხვას კი არ აკეთებს, როცა უნდათ, ევროპელები არიან, როცა რეფორმებია გასატარებელი, შემდეგ რიტორიკას იცვლიან. ერთმანეთს ჰგვანან“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.