მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე
მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებამ“ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების ნებისa და გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი. გუშინ „ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი, მაგალითად, რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში, ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში, და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ოცნებას ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის „ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“, – განაცხადა დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
„ოცნებას“ დაავიწყდა, რომ ხელისუფლებისa და ძალაუფლების წყარო არის ხალხი, და დემოკრატია სწორედ ხალხის მმართველობაზეა დაფუძნებული. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს უკვე ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, რა პროცესშიც ზიანდება ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა, როგორც ადამიანი, ასევე სახელმწიფო, „ოცნებისთვის“ – სახელისუფლებო პარტიისთვის, უკვე მეორე და მესამეხარისხოვანი გახდა. ამ პროცესში „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რა თქმა უნდა, ბერკეტად იყენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ფორმალური პროცედურების გამოყენებით გააჭიანურა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის პროცესი. მოქალაქეები რომ ადარდებდეს დღეს „ოცნებას“, ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების დასტაბილურებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, „კოვიდის“ სწორად მართვისთვის, იმისათვის, რომ არ ვიყოთ პირველ ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით. და ამ ყველაფრის ნაცვლად, „ოცნება“ კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების ნაცვლად, საკუთარ სურვილებს მოარგოს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.