მიხეილ დაუშვილი - მედიაციის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესისთვის ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად
მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად, – განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაციაზე.
მიხეილ დაუშვილის შეფასებით, ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ბიზნესისთვის დავების ეფექტიანად და სწრაფად გადაწყვეტა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მედიაციის სისტემისა და ინფრასტრუქტურის შექმნა საშუალებას აძლევს ბიზნესს, კომერციული დავა გადაწყვიტონ სწრაფად, ეფექტიანად და მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა – მედიაცია და არბიტრაჟი – ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მედიატორთა გადამზადების პროცესში საქართველოს მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირი და გაერო, რაც ამაღლებს ნდობას აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ.
2020 წლის 1-ლი იანვრიდან მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა, დღეს კი სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.