მიხეილ დაუშვილი - გარკვეულ საკითხებზე გვაქვს კითხვები, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შემდეგ ვიტყვით, შევუერთდებით თუ არა ქარტიას
გარკვეულ საკითხებზე გვაქვს კითხვები, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შემდეგ ვიტყვით, შევუერთდებით თუ არა ქარტიას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ განიხილავს.
„ჩვენ რაც მოვისმინეთ, რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გემა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ. რაც შეეხება ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას და შეერთებას, იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო. პირველ რიგში, გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერისა და შეერთების ნაწილში. არის საკითხები დროებითი ტექნიკური მთავრობის და ვადამდელი არჩევნების შესახებ, კიდევ არის სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. არ მინდა, წინასწარ მოვლენებს გავასწრო. ამ თემაზე საუბარი გვჭირდება პრეზიდენტთან, ინიციატორებთან და ამის შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ქარტიას. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.