მიხეილ დაუშვილი - ევროკავშირს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის ნაწილში არაფერი შეუცვლია
ევროკავშირმა ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ განსახორციელებელია დეოლიგარქიზაცია, ამ მოთხოვნის ნაწილში არაფერი შეცლილა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ევროკავშირმა არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, როგორც სისტემურ რეფორმებთან, ასევე სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ გასაკეთებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა. დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა კვლავ ძალაშია. ძირითადი სტრუქტურული რეფორმები, რაც ევროკავშირმა საქართველოსგან მოითხოვა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია და ეს მოთხოვნები მოთხოვნებად რჩება“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება გვარამიას საკითხს, დაუშვილის თქმით, „ევროკავშირის მოთხოვნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პლურალური მედიაგარემო და მედიის თავისუფლება“. დაუშვილის განცხადებით, ამ ნაწილში გადასადგმელია ნაბიჯები და გასატარებელია უამრავი რეფორმა.
„ეს ყველაფერი გულისხმობს, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საბოლოო ჯამში, „ოცნებამ“ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე გადააგდო, მოატყუა. ამიტომ ამას რომ თავისი შედეგები ექნება, ეს რთული მისახვედრი არ არის. ძირითად ნაწილში რაც იყო გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებაში, ეს საკითხები ჩვენ უკვე გვხვდება ევროკომისიის მოთხოვნებში. ეს რეფორმები უნდა გატარდეს, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამ რეფორმების გატარებაზე და სტატუსის მიღება-ვერმიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.