მიხეილ დაუშვილი - „დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ, კითხვებს ბადებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროცესის ორგანიზება და „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა
„დემოკრატიის ფესტივალში“ შეგნებულად არ ვმონაწილეობთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობა არასწორია, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.
„სამწუხაროდ, გარკვეულ კითხვებს ბადებს, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ პროცესის ორგანიზება, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობა, თუმცა ვერანაირად ვერ დავდებ ბრალს თვითონ დანიის სახელმწიფოს. ეს არის მხოლოდ მათი დაფინანსება, როგორ განიკარგება თანხა, ამას კონკრეტული ორგანიზაცია წყვეტს. დანიის სახელმწიფოს მხრიდან ეს ჩარევად არ მიმაჩნია. კითხვა ჩნდება, ეს არის რიგითი საქმიანობა კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც თანხას განკარგავს თუ წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა. ჩვენს გეგმავს მივყვებით და სადღაც „ნაცმოძრაობა“ რომ შეიკრიბა, იქ რატომ უნდა ვმონაწილეობდეთ?“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
თელავში 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) ორგანიზებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება დანიური მხარის მიერ არის დაფინანსებული.
„დემოკრატიის ფესტივალი“ 27 ივლისს წალენჯიხაშიც ჩატარდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.