მიხეილ დაუშვილი - დავარეგისტრირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ აღდგეს, ვიდრე რეგიონში საფრთხეები არსებობს
გუშინ დავარეგისტრირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ აღდგეს, ვიდრე რეგიონში საფრთხეები არსებობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამგვარი საფრთხეების ფონზე პირდაპირი ფრენების აღდგენა დაუშვებელია.
„მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ამოცანაა, რუსეთი დამარცხდეს და ფრენები თუ აღდგება, გამოვა, რომ მათ წინააღმდეგ წავალთ. რუსეთი ყველგან დასანქცირებულია და, ფაქტობრივად, მათ უფლებას მივცემთ, ფრენები აღადგინონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რომ დღეს თუ რაიმე არ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობის დათბობაა. პირდაპირი ფრენების აღდგენა დაუშვებელია, როცა რეგიონში არსებობს გეოპოლიტიკური საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ომთან“, – განაცხადა დაუშვილმა.