მიხეილ დაუშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებზე ხელისუფლება შევცვალოთ, ვინ რა ცენტრად ჩამოყალიბდება, არ ვიცი, პროცესი გვაჩვენებს, თეორიულ დაშვებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სწორად არ მიაჩნია საჯარო საუბარი თეორიულ დაშვებებზე, საარჩევნოდ ვინ რა ცენტრად ჩამოყალიბდება.
დაუშვილის თქმით, მათი მკაფიო ამოცანა იქნება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, ერთპარტიული მმართველობის დასრულება და შემდეგ ევროინტეგრაციის მიზნით რეფორმების გატარება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებზე ხელისუფლება შევცვალოთ და ჩვენი მოქალაქეების ხმები დაცული იყოს. ვინ რა ცენტრად ჩამოყალიბდება, არ ვიცი, ყველაფერს პროცესი გვაჩვენებს. თეორიულ მსჯელობებზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ თეორიულ დაშვებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ცვლადი იარსებებს და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თეორიულ მსჯელობებში შესვლა სწორად არ მიმაჩნია. ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო ამოცანა. ეს ამოცანაა – ერთი, ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ და დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმებით. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, გატარდეს რეფორმები, რათა ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახდეს. ამ არჩევნების მთავარი მონაპოვარი უნდა იყოს, რომ ერთპიროვნულ მმართველობას ვასრულებთ, ჩვენი მოქალაქეების ხმები დაცულია და შეუქცევადად ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს პრეზიდენტს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების ხმები დაცული იყოს, ამ საქმეში მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ. მარტო გავდივართ თუ არა? ხომ ხედავთ, რომ მარტო გავდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და მივყვებით ჩვენს სტრატეგიას. ჩვენი მიდგომები არ შეგვიცვლია. თუ რამე შეიცვლება, გაიგებთ, ვერ დაგიმალავთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, სექტემბრიდან იქნება ორი გაერთიანება, ერთი – სააკაშვილთან, მეორე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების“.