მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მეგობრების მიზანია საქართველოს ევროინტეგრაცია, პარტნიორებისგან პოზიტიური გზავნილები როცა მოდის, ამას ხელისუფლებამ რეფორმები უნდა დაახვედროს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ და მათი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
დაუშვილის თქმით, მთავარი გამოწვევაა საქართველოში რეფორმების განხორციელება.
„პარტნიორებისგან მკაფიოდ პოზიტიური გზავნილები როცა მოდის, ხელისუფლების მხრიდან ამას რეფორმების დახვედრება სჭირდება. სამწუხაროდ, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. ჩვენი მეგობრები ხისტად არ გვესაუბრებიან, დიპლომატიურ ენაზე გველაპარაკებიან, რასაც მათი ნათქვამის სწორად გაგება და შეფასება სჭირდება. ღია ტექსტით არ გვითხრეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ამ ფორმით არ მიიღოთ და სისტემური რეფორმები გაატარეთო? ერთი წლის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციით პირდაპირ თქვეს, რომ ქვეყანაში ოლიგარქი გვყავს. ამაზე პირადაპირ როგორ უნდა გვითხრან? ჩვენი მეგობრების მიზანია საქართველოს ევროინტეგრაცია და ამისთვის საჭიროა კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.