მიხეილ დაუშვილი - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით, არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა და არავისთან აპირებს გაერთიანებას.
დაუშვილის თქმით, ხაზარაძისა და მელიას საქმეა, ითანამშრომლებენ თუ არა, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია, ყველაფერი გააკეთოს „ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად.
„ხაზარაძე მელიასთან თანამშრომლობას როგორ გეგმავს, არ ვიცი, მაგრამ ეს თანამშრომლობა გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალ დაიწყება. ფაქტია, რომ ხაზარაძე იყო ის, ვინც მელიას მოადგილეობას სთავაზობდა თვითმმართველობის არჩევნებზე. მათი საქმეა, ითანამშრომლონ, ვინ უშლით? რა შედეგზე გავლენ, ვნახავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მზად იყო, მელიას მოადგილე ყოფილიყო. ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით და არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა. ვის მეორე, ვის მესამე და მეხუთე ადგილი უნდა, ეს არ გვაინტერესებს. ჩვენი მიზანია, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს დავეხმაროთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.