მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენის პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით
ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ დაუშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. დღეისთვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს.
შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის მცირე ბიზნესს განსაკუთრებით. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილი ბიზნესომბუდსმენად დღეს დაინიშნა.