მიხეილ დაუშვილი - არაფორმალურ მმართველებს ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც
არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, არაფორმალური გავლენები და შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში გასანულებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არაფორმალური გავლენებისა და შავი ფულის არსებობა ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების მხარეს, არამედ ოპოზიციის მხარესაც. ეს ძალიან დამაზიანებელია მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა ისე, როგორც იქცევა, თავისი არაფორმალური გავლენებით თუ ბევრი სხვა არაგონივრული გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
რაც შეეხება ბატონი ადეიშვილის გამოჩენას – პლუს ახალი გვარი დაემატა თუ არ დაემატა, საბოლოო ჯამში, ფაქტი ხომ ფაქტად რჩება, ოპოზიციის მხარეს არაფორმალური გავლენები და არაფორმალური მმართველობა რეალურ და დიდ გამოწვევად რჩება. არაფორმალური გავლენა მიუღებელია ყველა მხარეს – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარეს. არაფორმალური გავლენები და შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში შესამცირებელი და გასანულებელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი დაანებოს ისეთ მოქმედებებს, რომლითაც ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გაძლიერებას და ძალაუფლების შენარჩუნებას“, – განაცხადა დაუშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი“.