მიხეილ დაუშვილი - არაფერს გამოვრიცხავ, თავისუფლად შესაძლებელია, რომ აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არმიცემა „ქოლცენტრების“ საქმეს უკავშირდებოდეს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, კეზერაშვილის შესახებ მთელი მსოფლიო გაცილებით მეტს გაიგებს.
მიხეილ დაუშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.
„კეზერაშვილისთვის ვიზა რატომ უნდა მიეცა? დაახლოებით ერთი წლის წინ ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ თაღლითური „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს კომისია შევქმნათ და გამოვიძიოთ, გარწმუნებთ, კეზერაშვილზე ჩვენი ქვეყანაც და მთელი მსოფლიოც გაცილებით მეტს გაიგებს, ვიდრე აქამდე გავიგეთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ ფიქრობს, „ქოლცენტრების“ საქმეს ხომ არ უკავშირდება ის, რომ კეზერაშვილმა ვიზა ვერ მიიღო, დაუშვილმა აღნიშნა:
„არაფერს გამოვრიცხავ. არ ვიცი, უშუალოდ მიზეზი რა იყო, მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია, ესეც ყოფილიყო. გამოჩნდება, ვნახოთ. საგამოძიებო კომისია შევქმნათ, კეზერაშვილს ხელს ნუ აფარებენ. ხელს რატომ აფარებენ? ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, „ქართული ოცნება“ კეზერაშვილს ხელს რატომ აფარებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.