მიხეილ დაუშვილი - არ ვამბობთ, რომ საარჩევნო უბნები ყველა ქალაქში უნდა გაიხსნას, მაგრამ ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს
მიხეილ დაუშვილი - არ ვამბობთ, რომ საარჩევნო უბნები ყველა ქალაქში უნდა გაიხსნას, მაგრამ ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს

არ ვამბობთ, რომ საარჩევნო უბნები ყველა ქალაქში უნდა გაიხსნას, მაგრამ ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დაუშვილის თქმით, ხელისუფლების ინტერესში არ არის, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნას.

„ზუსტად იციან, რომ ვინც ემიგრაციაშია წასული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მათ არ მისცემს ხმას. ყოველ წელს ემიგრანტებისგან ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი შემოდის. ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი ემიგრანტების მიერ იქმნება. ხელისუფლება ემიგრანტებს ეუბნება, ფული უნდა გადმორიცხოთ, ეკონომიკური ზრდით ვიამაყებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებთო. ადამიანებს ხმის მისაცემად რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა მოუწევთ, რაც მათთვის რთულია. არ ვამბობთ, რომ საარჩევნო უბნები ყველა ქალაქში უნდა გაიხსნას. შეუძლიათ, კვლევა ჩაატარონ და რაოდენობის მიხედვით გახსნან საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ყველას ვერ დაფარავენ და ამას არავინ ითხოვს, მაგრამ ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.