მიხეილ ჭკუასელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, უფასო სარეკლამო დრო შესთავაზოს მიტანის სერვისით დაკავებულ ბიზნესს, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია
მიხეილ ჭკუასელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, უფასო სარეკლამო დრო შესთავაზოს მიტანის სერვისით დაკავებულ ბიზნესს, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, უფასო სარეკლამო დრო შესთავაზოს მიტანის სერვისით დაკავებულ ბიზნესს, არის ძალიან დიდი დახმარება და სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა დღეს გადაცემაში განაცხადა.

გადაცემაში საგანგებო მდგომარეობის, ზოგიერთ რეგიონში დაწესებული კარანტინისა და საყოველთაო კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესის გამოწვევები განიხილეს.

გადაცემის შესავალ ნაწილში ჭკუასელმა ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი გადაწყვეტილება, მიტანის სერვისით დაკავებულ კომპანიებს რეკლამის განთავსებისთვის უფასო საეთერო დრო დაუთმოს, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია.

„ეს არის ძალიან დიდი დახმარება და სოციალური პასუხიმგებლობის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორ უნდა ედგას მხარში ბიზნესს“, – განაცხადა ჭკუასელმა.

თუმცა იგი მიიჩნევს, რომ გარკვეულ უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ პარალელურად მთავრობის დადგენილებით აიკრძალა დისტანციური ვაჭრობის ის ნაწილი, რომელიც სურსათსა და ჰიგიენის საშუალებებს არ მოიცავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფასო საეთერო დრო, სარეკლამო დრო შესთავზა კომპანიებს, რომლებიც მიტანის სერვისით არიან დაკავებული. მაგრამ აქვე მინდა, გითხრათ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში, არ წყდება ზარები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი 181-ე დადგენილებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამის გატარება ცხოვრებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ შეიქმნა გარკვეული უხერხულობები. პირველი უხერხულობა ეხება სწორედ ამ დისტანციურ ვაჭრობას. ფაქტობრივად, ამ დადგენილებაში არ მოხვდა ისეთი პროდუქტები, რაც კვების პროდუქტების გარეთ დგას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის თვალსაზრისით. იცით, რომ ყველა მაღაზია, სურსათის პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების გარდა, პრაქტიკულად დაკეტილია და ძალიან აქტიურად იყო ჩართული ეს დისტანციური გაყიდვები. მეორე მხრივ, თვითონ მოსახლეობასაც გააჩნია მოთხოვნა. ძალიან ბევრი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახლშია, ძალიან აქტიურად საქმიანობს და თუნდაც სახლში მოხმარების თვალსაზრისით მათთვის ეს საქონელი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა „ბიზნესპარტნიორში“.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული კარანტინის პერიოდში, საქართველოს პირველი არხი ბიზნეს სექტორს დახმარებას სთავაზობს – იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება, მაუწყებელი უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოყოფს.