მიხეილ ჭკუასელი - მთავრობამ ირიბად აღიარა, რომ რეგულაციების კუთხით გადააჭარბა
მთავრობამ ირიბად აღიარა, რომ ბოლო პერიოდში რეგულაციების შემოღების მხრივ, ზედმეტი მოუვიდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი და ახალი მთავრობის მიმართ ქართული ბიზნესის მოლოდინის საკითხი განიხილეს. მოცემულ ეტაპზე პარლამენტში, როგორც პრემიერობის კანდიდატის, ისე მისი კაბინეტის წევრების წარდგენა-დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.
ჭკუასელის განცხადებით, გახარიას მიერ წარდგენილი პროგრამით მთავრობამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ბოლო პერიოდში რეგულაციების შემოღების კუთხით, ზედმეტი მოუვიდა.
„მთავრობამ ირიბად აღიარა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ რეგულაციების კუთხით გადააჭარბეს. არ მინახავს არც ერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკური ზრდა და განვითარება ახალი ინსპექციების, რეგულაციების, ახალი შეზღუდვების შექმნით გახდა შესაძლებელი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენი რეგულაციის პირობებში გვქონდეს ეკონომიკა. ეს [ახალი სამთავრობო პროგრამა], ჩემი აზრით, არის ირიბი აღიარება. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარება და უკან წამოსვლა, თუმცა ძალიან სერიოზულად მივყვებით პროგრამის იმ მუხლს, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთი ახალი რეფორმის შემოღება არ მოხდება ბიზნესომბუდსმენის ოფისის მიერ მისი წინასწარი კვლევისა და შეფასების გარეშე“, – განმარტა ჭკუასელმა.
გადაცემის სტუმარმა, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ განცხადა, რომ არც ერთი კანონის მიღება არ შეიძლება მისი შესაძლო ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრის გარეშე. მისი თქმით, ბიზნესობუდსმენის ოფისისთვის რეფორმების ეკონომიკური ეფექტის წინასწარი შესწავლის ფუნქციის მინიჭებით, მომავალმა პრემიერმა ამ აპარატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„არ შეიძლება კანონი მიიღო ისე, რომ არ განსაზღვრო მისი ეკონომიკური ეფექტი და ამ ფუნქციის ბიზნესომბუდსმენისთვის მინიჭება ჩემთვის კიდევ ერთი სიგნალია, რომ პრემიერს გააზრებული აქვს ბიზნესომბუდსმენის ფუნქცია. როდესაც თავად იყო ბიზნესომბუდსმენი, იცის რამხელა როლიც ჰქონდა მას; ძალიან ბევრი პრობლემა საკანონმდებლო დონეზე ისე გვარდებოდა, რომ მთავრობაში არც მოდიოდა. მთავრობაში დიდი განხილვის საგანი იყო, ვის უნდა მინიჭებოდა რეფორმის ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრის ფუნქცია – იუსტიციას, პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციას თუ ვის. ის, რომ ეს საკითხი ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციაში შევიდა, კიდევ უფრო დიდ იმედს მაძლევს, რომ არც ერთი კანონი, რომელსაც ბიზნესზე უარყოფითი ეფექტის მოხდენა შეუძლია, არ იქნება გატარებული“, – განუცხადა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.