მიხეილ ჩხენკელს შვეიცარიის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მრჩეველმა უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მრჩეველთან (მინისტრთან) გი პარმელინთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობაზე და მადლობა გადაუხადა კოლეგას განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობისთვის.
მისი თქმით, საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის საქმეში შვეიცარიულ მხარეს, განსაკუთრებით კი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.
„როგორც მიხეილ ჩხენკელმა გი პარმელინთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყანაში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში შვეიცარიული მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებას და მათ აქტიურ მონაწილეობას პროფესიული განათლების სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით.
თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მრჩეველმა (მინისტრმა) გი პარმელინმა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, შვეიცარიული მხარე მოხარული იქნება, თუ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების საქმეში“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ ურთიერთობათა, განათლებისა და კვლევის ფედერალური დეპარტამენტის (EAER) კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი ურშ ვიდმერი, დიპლომატიური მრჩეველი ალოის ფასაფლენი, განათლების, კვლევისა და ინოვაციების სახელმწიფო სამდივნოს (SERI) შიდა კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი ჟაკ დუქრესტი, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელი ფრანჩესკო ბი და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე.