მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს პროექტი „ტელესკოლა“ გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ ღასან ხალილს საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით, 30 მარტიდან დაწყებული ახალი პროექტის „ტელესკოლის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა, რომლის ძირითად მიზანს „კოვიდ-19“-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
როგორც განათლების მინისტრმა „ტელესკოლის“ ღასან ხალილთან საუბრისას აღნიშნა, „ტელესკოლას“ საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
მისი თქმით, ამ პროექტით ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა და სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილების მოსმენა ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან. გარდა ამისა, პროექტი ეთნიკური უმცირესობების ინტერესებსაც ითვალისწინებს და მათთვის უკვე ტარდება ქართული ენის ტელეგაკვეთილები. ეტაპობრივად კი, უახლოს დღეებში, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას როგორც დისტანციური სწავლების, ასევე, „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელების პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული ჩარჩო დოკუმენტის შესახებ, სადაც საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დასახელდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღასან ხალილმა მაღალი შეფასება მისცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მყისიერ ნაბიჯებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს.