მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლა“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც განათლების სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა.

„შეიქმნა ახალი არხი, პირველი არხი – განათლება, რომელიც ასეთად დარჩება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს და ეს პროექტი არის თვალნათლივი მაგალითი ამისა, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში დაიბადა ეს იდეა და წარმატებით განხორციელდა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, „ტელესკოლის“ პროექტს ძალიან დიდი, პოზიტიური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგან დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები.

„შაბათ-კვირას საგანმანათლებლო შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს ჩვენი მოქალაქეები, თითოეული ოჯახიდან. პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით, მთელი პროგრამის გადატანა მოხდა ტელესივრცეში. ჩვენ მობილიზება მოვახდინეთ ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგების. აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა ეს პროექტი ყოფილიყო წარმატებული. დიდი მადლობა პირველი არხის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს არა მხოლოდ როგორც პირველი არხის ხელმძღვანელს, არამედ როგორ „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელსაც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, „ტელესკოლის“ პროექტში ჩართული არიან მასწავლებლები, ფსიქოლოგები უზრუნველყოფილი იყო თარგმნა ჟესტურ ენაზე, ასევე სატელევიზო გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ტელესკოლის“ ფორმატში იყო აბიტურიენტის საათი, სადაც აკადემიურ ნაწილთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდილი სპეციალისტები აძლევდნენ რეკომენდაციებს და კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

„საინტერესო განზომილება დაემატება „ტელესკოლას“, უკვე რამდენიმე დღეში გაეშვება პროფორიენტაციის გაკვეთილები. როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის და პროფორიენტაციის გაკვეთილები დაემატება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.