საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, ქალაქ ტორუნში ცნობილი მეცნიერის, ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერის – ნიკოლას კოპერნიკის სამეცნიერო მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„ნიკოლას კოპერნიკის გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ სამყაროს შეცნობის მიმართ დაჟინებული ინტერესი, გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა და არსებული ცოდნის გადაფასება სამეცნიერო პროცესების წინსვლის საწინდარს წარმოადგენს. ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებმა – „კოვიდ-19“-ის გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. მსოფლიოში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ამასთან, არსებული სოციალური გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია ახალი ცოდნის შექმნა, რის მყარ საფუძველსაც სწორედ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია ქმნის.
სამეცნიერო პროგრესზე საუბრისას არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მეცნიერება ეფუძნება თავისუფლებას და მისი განვითარების უმთავრესი წინაპირობა სამეცნიერო კვლევითი პროცესების შეზღუდვების გარეშე წარმოებაა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთპატივისცემითა და თანასწორი სამეცნიერო გარემოს შექმნით შევძლებთ, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გამოყენებას საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოში აკადემიური თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს, რაც მეცნიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან დაცვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს – ყოველწლიურად იზრდება სფეროს დაფინანსება, ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 ორიენტირებულია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) მოდერნიზებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით.
ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ინფორმაციისა და იდეების გაცვლა გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეცნიერო კვლევების მასშტაბების გაფართოების საქმეში. სწორედ ამიტომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე. ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი გახდეს. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება გახლავთ ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში წამყვანი მეცნიერები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით პროცესში. ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება, მედიცინისა და ბირთვული ფიზიკის დარგებში ქართველი და საერთაშორისო მკვლევრების თანამშრომლობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნების საქმეში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საუბრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
კონფერენციის დასასრულს გამოიცა დეკლარაცია (The Toruń Declaration), რომელსაც, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ერთად ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მოაწერა. აღნიშნული დეკლარაციით ღონისძიების მონაწილეებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევების ჩატარების თავისუფლებასა და სამეცნიერო მიღწევების მიკერძოების პრევენციას.
გამოჩენილი პოლონელი მეცნიერის, ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება კოპერნიკის მსოფლიო კონგრესისა და ნიკოლას კოპერნიკის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე იმსჯელეს და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროების განვითარების კუთხით სამეცნიერო კვლევების ჩატარების თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.