საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის განვითარება სწორი კურსით მიმდინარეობს. გახსნიდან მეორე წელსვე – 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ქვეყნის ნიჭიერი ახალგაზრდები არჩევანს სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე აკეთებენ.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველებთან ერთად, ცნობილი უცხოელი პროფესორები კითხულობენ. უნივერსიტეტის კარი უცხოელი სტუდენტებისთვისაც ღიაა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რასაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული ადრონული თერაპიის ცენტრი. ცენტრში ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება პროტონული თერაპიის მეთოდით, რომელიც სხივური თერაპიის ფორმაა და ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ჯანსაღ უჯრედებს კი უვნებელს ტოვებს. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით მიზნებს მოემსახურება, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში, მათ შორის, აშშ-ის მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან აფილირებული ჯოსლინის ცენტრის წამყვანმა მკვლევრებმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრის (ASTRO 2021) ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილ მეცნიერებთან, რომლებმაც ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიური ჩართვის მზაობა გამოთქვეს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, NCBJ-ის გენერალურმა დირექტორმა კრიშტოფ კურეკიმ დადებითად შეაფასა ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია და აღნიშნა, რომ ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო კვლევები ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონის მეშვეობით წარიმართება, რისი შესაძლებლობაც ბევრი განვითარებული ქვეყნის კვლევით ცენტრს არ აქვს. კრიშტოფ კურეკიმ ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
„მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დეკემბერში ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. მინისტრის თქმით, შესაძლებელია Horizon Europe- ის კონკურსებში პოლონელ მეცნიერებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხორციელება.
თავის მხრივ, კრიშტოფ კურეკიმ ქართულ მხარეს პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის ძირითადი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სადოქტორო სკოლა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დოქტორანტების, ასევე პროფესორების მობილობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პოლონელი ფიზიკოსების საქართველოში ვიზიტი 11 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას მოინახულებენ.
„პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრი ბევრ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტშია ჩართული. მათ შორის KM3NeT და NICA/MPD პროექტებში, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობს. მათი ინტერესის სფეროა ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა და გამოყენებითი კვლევები. მათ შორის, ახალი რადიონუკლიდები, რადიოფარმაცევტული საშუალებები და მათი გამოყენება, მასალების რადიაციული მდგრადობა და თვისებები, სამეცნიერო კომპუტინგი.
პოლონეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის მასალათმცოდენეობის მიმართულების დირექტორი იაცეკ იაგიელსკი, მასალების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლუკაშ კურპასკა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი იაცეკ გაევსკი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი რევაზ შანიძე და მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფო კობახიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.