მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩსა და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.
„მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობასა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის დიდ წვლილს შეიტანს სკოლებში ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების საქმეში.
თავის მხრივ, ნორვეგიის ელჩმა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასეს ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროექტის ფარგლებში ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის სტრუქტურა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. პროექტის შესაბამისად, სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და, საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.
ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
შეხვედრისას მხარეები ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის მიზნით შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.