მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და, ზოგადად, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.
„მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გერმანელი პროფესორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში, როგორც ადმინისტრირების, ასევე, აკადემიური მიმართულებით. კერძოდ, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი; მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორი სებასტიან შმიდტი, ხოლო საბჭოს წევრები: პროფ. ბერნდ ნოიმაიერი, პროფ. ჯონი შაჰი, პროფ. ჰანს შტროერი იულიხის კვლევით ცენტრში წამყვან პოზიციებს იკავებენ, პროფ. ახიმ შტალი კი RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორია.
მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლებითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული მიდგომა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ გერმანელ და ქართველ პროფესორებს შორის, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ლექციებს კითხულობენ, ხდება სამეცნიერო მიღწევებისა და სასწავლო მეთოდოლოგიის გაზიარება.
„შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, 2021 წლიდან Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებისათვის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება იგეგმება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევითი მხარეს. რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს.
უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს „გერმანიის სიმსივნის კვლევით ცენტრთან“ და მათთან ერთად სამომავლოდ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც იგეგმება. მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული და ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება და მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა გახდება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.