მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მთავარი მიზანი იყო გასულ წლებში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

შეხვედრას ცენტრის კურსამთავრებულებთან ერთად ესწრებოდნენ: საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; საბჭოს წევრები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დირექტორი ნინა კობახიძე და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ პარტნიორი სოსო გალუმაშვილი.

სამუშაო შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა განიხილეს ასოციაციის ქსელის გაფართოებისა და ინსტიტუციური განვითარების საკითხები და კურსდამთავრებულთათვის კონკრეტული საპროექტო შესაძლებლობები, განსაზღვრეს მცირე საგრანტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, ისაუბრეს, ფართო საზოგადოებისთვის, ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“ 2018 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს შეიქმნა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრები არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.