მიხეილ ჩხენკელმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან სასკოლო კვების საკითხი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე იმსჯელეს.
„აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები. მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობის დეტალური შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თათია უგულავა.