განათლების სამინისტროში იმსჯელეს უკრაინულ უნივერსიტეტებზე, რომლებიც ქართველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების გარეშე ღებულობენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ზოგიერთი უკრაინული უმაღლესი დაწესებულების საქმიანობას, რომელიც ქართველ აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, თავი აარიდონ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობა გამოიკვეთა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება.