მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგრანტო კონკურსის დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ განიხილეს. გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების გზით მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, რაც არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„კონკურსის მიზანს წარმოადგენს ორიგინალური კვლევების შერჩევა/დაფინანსება, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას ემსახურება. გარდა ამისა, კონკურსი ითვალისწინებს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას  პროტოტიპის ლაბორატორიულ,  სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ქმედითობის, მისი რეალურ გარემოში გამოცდისა და გამოყენების დემონსტრირების გზით. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს კომერციალიზაციის, ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივის მქონე სამეცნიერო კვლევების იდენტიფიცირებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი: კონცეფციის დამტკიცება–მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით. პროექტის ხანგრძლივობაა 1-2 წელი; კონცეფციას უნდა გააჩნდეს  „საქპატენტის“  მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გამოგონების პატენტუნარიანობაზე; გამარჯვებული პროექტის  ჯამური ბიუჯეტია 180 000 ლარი.

პილოტირება–მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დასაბუთება  რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, წარმოებაში გამოცდის გზით. პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი; კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით; გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 240 000 ლარი.

დანერგვითი კვლევა – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო  გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად. პროექტის ხანგრძლივობაა – 1 – 2 წელი; კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან  უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ ორი წლის ვადით. გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 360 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში პროექტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები იცვლება თანამედროვე ევროპული მიდგომების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს EUROSTAT/OECD-ის კლასიფიკაციით დადგენილ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან.