საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სკოლა მოინახულა და უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
უკრაინელი ბავშვებისთვის საკლასო ოთახები უკვე მოწყობილია და გაწერილია საგაკვეთილო ბადე.
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისთვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.
მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. თავის მხრივ, უკრაინელმა პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს, პირადად პრემიერ- მინისტრსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. უკრაინელ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.