მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლას“ დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები
„ტელესკოლას“ ძალიან დიდი, პოზიტიური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგან დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს და „ტელესკოლის“ პროექტი ამის თვალნათლივი მაგალითია.
„ტელესკოლა“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა“. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პოზიტიური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგან დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები. შაბათ-კვირას საგანმანათლებლო შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს ჩვენი მოქალაქეები, თითოეული ოჯახიდან. პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით, მთელი პროგრამის გადატანა მოხდა ტელესივრცეში. ჩვენ მობილიზება მოვახდინეთ ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგების“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა ეს პროექტი ყოფილიყო წარმატებული. დიდი მადლობა პირველი არხის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს არა მხოლოდ როგორც პირველი არხის ხელმძღვანელს, არამედ როგორ „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელსაც. „ტელესკოლის“ პროექტში ჩართული არიან სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, უზრუნველყოფილი იყო თარგმნა ჟესტურ ენაზე, ასევე სატელევიზიო გაკვეთილები უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ტელესკოლის“ ფორმატში იყო აბიტურიენტის საათი, სადაც აკადემიურ ნაწილთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდილი სპეციალისტები აძლევდნენ რეკომენდაციებს და კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
მინისტრის განმარტებით, საინტერესო განზომილება დაემატება „ტელესკოლას“, უკვე რამდენიმე დღეში გაეშვება პროფორიენტაციის გაკვეთილები.
„როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის და პროფორიენტაციის გაკვეთილები დაემატება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა 2019-2020 სასწავლო წლის დასრულების ვადებზეც ისაუბრა, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმშიც იგივე დარჩება. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ. პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.
ამ გრაფიკით იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე საქართველოს პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება.