მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ბელარუსის ნაკრებთან მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას! ბელარუსის ნაკრებთან დღევანდელი მოგება მართლაც რომ განსაკუთრებით დასაფასებელია.
ახლა, დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ.
გისურვებთ წარმატებას პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში, ერთად გვეზეიმოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა!“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს ნაკრებმა, „დინამო არენაზე“ გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალში მეტოქე, ბელარუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.