მიხეილ ჩხენკელი რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასპინძელ მხარეს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„მიხეილ ჩხენკელმა რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, მათ შორისაა ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის (The Instituto Europea di Oncologia) სამეცნიერო დირექტორი, ცნობილი იტალიელი პროფესორი რობერტო ორეკია.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა რომის საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორებისთვისაც.
მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა იტალიელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, მათ შორის იტალიელმა პროფესორმა რობერტო ორეკიამ, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
თავის მხრივ, რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
რომის საპიენცას უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ასევე სან მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძე“, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.